ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქომ მრევლისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, ზიარების წესი კი გარკვეულწილად შეცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლები კვლავ უარს ამბობენ ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე, თუმცა ცვლილება შეეხო სასმლის მიღების წესს. ახალი წესით, ზიარების შემდგომ სასმლის მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით იქნება შესაძლებელი. მართლმადიდებელ ეკლესიაში სააღდგომო მსახურების ცვლილებასაც არ გამორიცხავენ.
ახალ ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების განსახილველად სინოდის საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს მეუფე გრიგოლი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ სწორედ სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოიქცეს ეკლესია COVID 19-თან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
მრევლის ნაწილი ზიარების წესის შეცვლის მომხრეა, ნაწილისთვის სიტკოების მიღების წესის ცვლილება საკმარისია, ხოლო მომლოცველებში ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ტაძრებში ღვთის ნებით არ გავრცელდება და საერთო ჭურჭლით ზიარება პრობლემას არ წარმოადგენს. ტაძრებში შეიმჩნევა მორწმუნეების რაოდენობის შემცირებაც.
რაც შეეხება სხვა რელიგიურ კონფესიებს, მეჩეთში ზიარების მსგავსი რიტუალი არ აქვთ, ამიტომ, როგორც მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რელიგიურ პროცედურებში არაფრის შეცვლა არ უწევთ. ამის მიუხედავად, ისინი მომლოცველებს ერთმანეთთან ახლო კონტაქტისგან თავის შეკავებისკენ მაინც მოუწოდებენ.
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ამ მარხვის პერიოდში მათ ზიარება ერთხელ უწევთ და მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად აპირებენ რეკომენდაციების გათვალისწინებას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინა და ზიარების წესი შეცვალა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამაც. თუ აქამდე მრევლი ერთი ჯამიდან სვამდა ღვინოს, ახლა ყველა ინდივიდუალურად, თითო პურის ნატეხის საშუალებით ეზიარება. ყოველდღიური საღამოს ლოცვების ნაცვლად კი ლოცვა კვირაში ერთხელ კვირა დღეს მიმდინარეობს.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გამო საეკლესიო მსახურება შეიცვალა. რომში კათოლიკური ტაძრები დაიხურა, სამხრეთ კორეაში კი ეკლესიებში ღვთისმსახურება ონლაინრეჟიმში ტარდება. რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა, რომ ნუ აკოცებენ ეკლესიაში განთავსებულ ხატებს, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსით დაავადება. ავსტრალიის კათოლიკურმა ეკლესიამ კი ზიარების წესი გაამკაცრა.